გლდანის ციხეში 39 დღეა პატიმარი შიმშილობს | 27 წლის მალხაზ გიგინეიშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

პატიმარი მალხაზ გიგინეიშვილი გლდანის ციხეში უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. 27 წლის პატიმარი და მისი ოჯახი ამბობს, რომ გიგინეიშვილს იარაღი პოლიციელებმა პოლიციის განყოფილებაში ჩაუდეს და საპატიმროში გაუშვეს. სწორედ ამიტომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას პატიმარმა. მალხაზ გიგინეიშვილი ნასამართლევი უკვე იყო. ის 14 მარტს თემქაზე დააკავეს. სარჯიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ის უფორმო პოლიციელებმა დააკავეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და როგორც 27 წლის ბიჭის დედა ყვება, იარაღიც პოლიციის განყოფილებაში ჩაუდეს. 

დეტალები:

გიგინეიშვილი პოლიციელებმა ადმინისტრაციული შემოწმების მიზნით ქუჩაში გააჩერეს.  სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. პატიმრის დედა ამბობს რომ სწორედ პოლიციის შენობაში სამართალდამცავები არარსებული დანაშაულის გამო საქმის შეკერვას ცდილობდნენ და იარაღიც  ამიტომ ჩაუდეს. გიგინეიშვილის დაკავების დღეს გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლიც,  10-მდე პოლიციელი რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა ნივთმტკიცებას რომელიც 27 წლის ბიჭის დანაშაულის დასამტკიცებლად იქნებოდა საქმეში, თუმცა პოლიციამ ადგილზე ვერაფერი  აღმოაჩინა.

პატიმრის დედამ შვილი ბოლოს სასამართლო პროცესზე ნახა, ამ დღის შემდეგ მაია თევზაძე ამბობს რომ სამართალდამცველებმა მისი შვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები გააყალბეს, დაკავების იზოლატორში შარვალი მოტყუებით გახადეს, გაიტანეს. უკან დაბრუნების შემდეგ კი შარვალზე იარაღის კვალი ამოვიდა. დედა ამ დრომდე ვერ ასახელებს მიზეზს, რატომ დააკავეს მისი შვილი.

მაია თევზაძე  ქალაქის მთავარი სამმართველოს მხრიდან არასათანადო მოპყრობაზეც საუბრობს. გამომძიებელმა - თედორე გიორგაშვილმა დაკავებულის დედა მალევე თბილისის მთავარ სამმართველოში დაიბარა. პატიმრის დედის თქმით, გაჩუმების სანაცვლოდ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მას თანხა შესთავაზა. 

მალხაზ გიგინეიშვილის ადვოკატი,  მისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების შემდეგ საქმის მასალების სიყალბეზე საუბრობს.

 14 მარტს მომხდარი დაკავების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს ოჯახმა უკვე მიაწოდა, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება ჯერ არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარს" განუცხადეს რომ ოჯახის მტკიცება იარაღის ჩადებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღი დაკავების დროს აღმოუჩინეს. 

27 წლის პატიმარი პროტესტს საპატიმროში აგრძელებს, შიმშილობის შეწყვეტას იქამდე არ აპირებს, ვიდრე 27 წლის მამაკაცი საკუთარ სიმართლეს არ დაამტკიცებს.

ავტორი: მაგდა მაისურაძე

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი