წიწაკის სპრეი გაფრთხილების გარეშე, არაპროპორციული ძალა, არალეტალური იარაღი... | HRC -ის მონიტორინგი 15-17 აპრილის აქციებზე

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ცენტრი 15-17 აპრილის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგის ჯგუფი  სხვადასხვა ლოკაციიდან აკვირდებოდა 15, 16 და 17 აპრილს ორგანიზებულ აქციებს - ,,არა რუსულ კანონს!”, რომელთა მსვლელობისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა. 

"კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ აქცია სამივე დღის განმავლობაში  სრულად მშვიდობიანად მიმდინარეობდა და არ არსებობდა შეკრების დაშლის საფუძველი, შსს-ს თანამშრომლებმა 16 აპრილის 22:00 და 17 აპრილს 00:40 საათისთვის,  პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამოიყენეს წიწაკის სპრეი მონაწილეთა დასაშლელად.  ამ სპეციალური საშუალების გამოყენებას წინ არ უძღვოდა გაფრთხილება, რაც ეწინააღმდეგება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას.

გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლებმა 16-17 აპრილს დაკავებული პირების მიმართ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა. უმეტეს შემთხვევაში, უცნობი იყო დაკავებულთა ადგილსამყოფელი და მათი სასამართლოში წარდგენის ვადა, სავარაუდოდ, გახანგრძლივდა კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის გარეშე....

საპროტესტო აქციის სამივე დღეს, ადამაინის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა პარლამენტისა და კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს წყლის ჭავლის მანქანები, ე. წ. „დაკავების მანქანები“ და გადაიღეს ფოტოები, რომლებზეც შსს-ს თანამშრომლების აღჭურვილობას შორის ნათლად ჩანს არალეტალური იარაღი (რეზინის ტყვიების გამოსაყენებლად).

ამასთან, 16 აპრილის ღამეს და 17 აპრილის ღამის 00:30 საათისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების შეფასებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან და ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე, შსს სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები არაპროპორციული რაოდენობით იყვნენ მობილიზებულნი. " ნათქვამია ანგარიშში. [ვრცლად]

ანგარიშში საუბარია დეპუტატ ალეკო ელისაშვილის, "გირჩი-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებისა და სხვადასხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე:

"16-17 აპრილის საპროტესტო აქციების დროს 18 ადამიანი დააკავეს.  დაკავებულთა შორის პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების” წარმომადგენლები იყვნენ, რომელთა მიმართ, პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მონახულებული 16 პირიდან 11 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის და არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე და ითხოვდნენ რეაგირებას.

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა როგორც ჟურნალისტების, ისე აქციის მონაწილეების მიერ გადაღებული კადრები, რომლებიც ასახავს შსს-ს წარმომადგენლების მიერ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე სცემეს „ტაბულას“, „პუბლიკისა“ და „აპრილის“ ჟურნალისტებს.

17 აპრილის ღამეს, პოლიციელებმა, ძალის გამოყენებით, შეკრების ადგილიდან განარიდეს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, დაკავების მომენტში პოლიციამ „გამეტებით სცემა“. აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის განცხადების თანახმად, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება).

კვლავ ტენდენციად რჩება დაკავებულებისთვის დაკავების შესახებ  ოჯახის წევრებისთვის და ადვოკატისთვის შეტყობინების უფლების შეზღუდვის შემთხვევები. " ნათქვამია ანგარიშში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს  სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს -  უზრუნველყოს შსს-ს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;  მოახდინოს სწრაფი რეაგირება აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ასევე, ძალადობის ფაქტებზე.

ასევე შსს-ს:

  • უზრუნველყოს აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზება და არ დაუშვას უფლებაში თვითნებური ჩარევა;
  • არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და იმოქმედოს აქციის მიმდინარეობისას ცალკეული სამართალდარღვევის შემთხვევების აღმოსაფხვრელად;
  • არ დაუშვას აქციის მონაწილეების დაკავების მიზნით ე.წ. „დევნის ოპერაციის“ განხორციელება, რომელიც ძალის გადამეტების სახეს იღებს;
  • პატივი სცეს დაკავებულ პირთა უფლებებს და არ გამოიყენოს დაკავებული პირის მიმართ არაპროპორციული ძალა;
  • ასევე, დაასაბუთოს აქციის მონაწილეების დაკავების კანონიერების საკითხი დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით. 
🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი