19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 11 სექტემბერს მორიგი პროცესი გაიმართება. არასრულწლოვნების პრეცეზე დღეს მოწმეების დაკითხვა გაიმართება, მათ შორის იქნებიან პოლიციელები და საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირები.
ადვოკატების თქმით, ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ გაირკვევა რამდენად გულწრფელები არიან მოწმეები იმ ჩვენებებში, რომელიც გამოძიებას სხვადასხვა დროს მისცეს. პროცესს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი დაესწრება.
ძირითადი აქცენტი ჩვენი მხრიდან დაზარალებულებთან დაკავშირებითაა გადატანილი. მათი ჩვენების სანდოობაზეა დამოკიდებული საქმის გადაწყვეტა და მოსალოდნელი შედეგი. რამდენად ზუსტად გადმოსცემენ ინფორმაციას ეს გამოჩნდება სასამართლოზე, - თქვა გიორგი მერაბიშვილის ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ.
ადვოკატებისთვის ჯერ უცნობია ვინ იქნებიან კონკრეტულად ის მოწმეები, რომელთა დაკითხვაც დღეს განახლდება.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული, თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.
შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.