გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე, სავარაუდოდ, შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის მიმართვის საფუძველზე დააკავეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნიკოლაძემ საგამოძიებო უწყებას მიმართა, რადგან ხომასურიძის განცხადებები მუქარად აღიქვა.
ხომასურიძის დაკავებასთან დაკავშირებით, შსს ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული, თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს.
შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.