"სახლი გაჩხრიკეს, არ შეგვიშვეს, საბუთი არ წარუდგენიათ, პარკებით გაიტანეს ნივთები" | აქტივისტ გიორგი შანიძის მშობლები

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე, აქტივისტი გიორგი შანიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა, როგორც დაკავებულის მონახულების შემდეგ, ადვოკატმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, შანიძეს სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან:

"პირველადი ინფორმაციით რაც შემიძლია გითხრათ ეს არის სხვისი ნივთის დაზიანება. იგულისხმება, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, გარე სათვალთვალო კამერების დაზიანების ფაქტი. თავად არ ეთანხმება" - ამბობს შანიძის ადვოკატი ლევან აფრასიძე

დაკავებულის მშობლები კი გასულ ღამეს მომხდარ ფაქტს იხსენებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე მათი შვილის ბინა ორდერის გარეშე გაჩხრიკეს ისე, რომ შიგნით არავინ შეუშვეს. რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ კი ბინიდან შეფუთული ნივთები გაიტანეს:

"სახლი გაჩხრიკეს სადაც ცხოვრობს, მე არ შემიშვეს, ჩემი პირადი გასაღებით როცა ვცდილობდი, ვერ შევედი იმიტომ რომ შიგნიდან  იყო ჩაკეტილი ურდულით და მერე დავინახე, რომ გაიტანეთ პარკებით ნივთები" ამბობს შანიძის დედა ლილი საგანელიძე.

"დაგვხვდა ჩაკეტილი ბინა, რომ დავრეკეთ ზარი, ვიღაც გამოიხედა, ვუთხარი აქ ცხოვრობს ჩემი შვილი, შემიშვით რა ხდება მეთქი. ჩხრეკას ვატარებთო. საბუთი ვთხოვე არ წარმიდგინეს არაფერი, მოგვიანებით ყველაფერს ნახავთო...თქვენ დააგვიანეთო" -  ამბობს  მამა, თამაზ შანიძე

მისივე თქმით, ბინის ჩხრეკა დილის 4 საათამდე გაგრძელდა.

გიორგი შანიძე, რომელიც აქციების მონაწილეა და უკრაინაში მოხალისედაც იბრძოდა და კუნძულ ზმეინის დეოკუპაციის ოპერაციაშიც მონაწილეობდა, გასულ ღამეს დიღმის მასივში დააკავეს. ის ბებიასთან მიდიოდა, რა დროსაც პოლიცია კორპუსთან დახვდა

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი