ჯერ კიდევ არის დრო, კანონპროექტი უკან გაიწვიონ... ძალადობის ადგილი EU-ს კანდიდატ ქვეყანაში არ არის | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს," - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. 

ელჩმა აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და იმედოვნებენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო კანონპროექტი უკან გაიწვიონ. 

"ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოხდეს პროგრესი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების დაწყებაზე. ეს უკვე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში და ჩვენ მათ უნდა დავეწიოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის მისაღწევად. თუმცა ამისთვის ჩვენ უნდა მოვაგვაროთ იმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა. როგორც ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად." ამბობს ელჩი.

ჰერჩინსკის განცხადებითვე, 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გაფართოების შესახებ ბოლო მოხსენება გამოქვეყნდა და ქვეყანას სჭირდება აჩქარება 9 დათქმის შესრულებაში. 

ამავე დროს 6 თვე გავიდა გაფართოების შესახებ ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან, 9 ნაბიჯი დაუწესდა საქართველოს, რომელიც უნდა შესრულდეს, რათა ქვეყანამ წინ წაიწიოს და ჩვენ ახლა გვჭირდება აჩქარება, რათა ეს ნაბიჯი შესრულდეს. ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ არის დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი გაწვეული იქნას ან სერიოზულად იქნას შეცვლილი. ვენეციის კომისიას სთხოვეს, რომ წარმოედგინა თავისი მოსაზრება და ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოსაზრება ძალიან მალე გამოქვეყნდება. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო პროცედურების საშუალებით ეს კანონპროექტი არ იქცევა კანონად.

ევროკავშირის ელჩის თქმით, სამწუხაროა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას ნეგატიურ შედეგებზე ფიქრი უწევს და იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცევა. ასევე აღნიშნავს, რომ დაშინების, მუქარისა და ძალადობის ადგილი დემოკრატიაში არ არის, მითუმეტეს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში. 

რაც შეეხება, ნეგატიურ შედეგებს მე ვწუხვარ, რომ თქვენ ასეთი შეკითხვის დასმა გიწევთ. ჩვენ აქ ვართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის უმეტესობის ნებაა. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ეს კანონი არ იქნება მიღებული და ჩვენ არ მოგვიწევს საუბარი, შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მკაფიოდ და ნათლად, რომ დაშინების, მუქარის, ძალადობის ნებისმიერი ფაქტი, ნებისმიერ გარემოში არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს უნდა შეჩერდეს დაუყოვნებლივ. მე მხოლოდ შემიძლია გავიმეორო ის თუ რა თქვა გენერალურმა დირექტორმა თბილისში ვიზიტის დროს: ტემპერატურამ უნდა დაიწიოს, უნდა დაიწყოს სერიოზული საუბარი, რადგან საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა, ამიტომ დაშინების, მუქარისა და ძალადობის ადგილი დემოკრატიაში არ არის, მითუმეტეს კანდიდატ ქვეყანაში, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი." - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი