არავინ დარჩება მარტო სისტემასთან ბრძოლაში, გასაჯაროვდება ყველა პოლიციელი, სპეცრაზმელი თუ მოსამართლე, ვინც მონაწილეობს ტერორში | "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა"

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან,  სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პროცესი მიმდინარეობს, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან. განცხადება გააკეთეს "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" ლიდერებმა.

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ერთიანი, ძლიერი და უწყვეტი აქციებისგან შეშინებული ხელისუფლება დაშინების სხვადასხვა მეთოდს იყენებს. თუმცა, მისი თქმით, დაისჯება ყველა სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ რეპრესიებშია ჩართული.

"მინდა გირჩი-დროას სახელით გავაკეთო განცხადება. პირველი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლებას ეშინია ჩვენი, როცა ჩვენ ვართ ერთად. ამიტომ, ეს პირიქით მეტყველებს ხელისუფლების სისუსტეზე. მეორე, არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება მარტო. არავინ ამ ბრძოლაში სისტემასთან არ იქნება მარტო და ჩვენ, ყველანი უნდა ვიყოთ ამ პროცესში სოლიდარულები. მესამე, არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ძალიან კარგად ორგანიზებული დახმარების სისტემა. ეს არის კონკრეტული რჩევები, რომ, მაგალითად, არ უნდა წახვიდე განყოფილებაში, როდესაც გიბარებენ. უნდა მოითხოვო სასამართლოში დაკითხვა. ასევე, ორგანიზებული აქვთ როგორც ადმინისტრაციულ საქმეებზე, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარება. შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გვერდებზე, არასამთავრობოების გვერდებზე კონკრეტული ტელეფონის ნომრები ან პირდაპირ მოგვმართეთ. ყველა ადამიანი, ვისაც დაურეკავენ, ვისაც მიმართავენ, ვისაც დაიბარებენ, მათ ექნებათ სამართლებრივი მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვრიცხოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ზარებს ახორციელებს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ მხარდაჭერასთან ერთად, არის ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა და ყველა ის სამართალდამცავი თუ პოლიტიკოსი, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიებში აუცილებლად იქნება დასჯილი," - აცხადებს ხოშტარია.

ზურა ჯაფარიძემ კი აღნიშნა, რომ გაასაჯაროებენ ყველა პოლიციელის, სპეცრაზმელისა თუ მოსამართლის სახელსა და გვარს, ვინც კი "ტერორის მანქანის მუშაობაში" მონაწილეობს. მისი თქმით, მათი ვინაობა გადაეცემათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. "ვერავინ ვერავის ვერ დაემალება, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თითოეული მათგანი აგებს აუცილებლად პასუხს," - აცხადებს ჯაფარიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი