შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ მანქანის მძღოლი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ნასვამ მდგომარეობაში იყო.
განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე, მსუბუქი მანაქნის მძღოლმა კი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, არ გაითვალისწინა თხოვნა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.
საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
მიუხედავად იმის რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება.
საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში", - წერია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცველებმა მოქალაქეს სცემეს. გავრცელებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ახალგაზრდა კაცს თავში ურტყამენ მუშტებს, რის შემდეგაც ფეხს ურტყამენ მუცელში. მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ მან გზის დათმობაზე პოლიციის ავტობუსს, რომელიც საპირისპირო მიმართულებიდან მოდიოდა, უარი უთხრა.