დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 87 აჭარიდანაა, 28 სამეგრელოდან, 19 იმერეთიდან - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 12 სექტემბერს საქართველოში დადასტურებული 158 ახალი შემთხვევიდან 87 აჭარიდანაა 28 კი სამეგრელოდან.

158 ახალი შემთხვევის განაწილება შემდეგია, 87 არის აჭარა, 28 სამეგრელო, 19 იმერეთი, 6 გურია, 18 თბილისი. ასეთი მაჩვენებელი ქვეყანაში არ ყოფილა, მაგრამ ეს 158 ციფრი ჩვენ პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, მინდა გითხრათ, რომ წყნარად ვიყოთ. ძალიან სწრაფად მოხდა მოძიება ინფიცირებულების კონტაქტების, მათი გამოკვლევა, დადასტურება, შემიძლია გითხრათ, ამ 158-ის დიდი ნაწილი არის ბათუმი, სადაც უკვე ლოკალიზებისკენ მივდივართ, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას თქმით, ამ ციფრმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან რაც მეტი კონტაქტი გამოვლინდება, მით უფრო სწრაფად მოხდება დაავადების ლოკალიზება.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 075;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 363;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი