გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამას თამაზ ხომასურიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ხომასურიძე განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე განხორციელებული მუქარის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს.
შსს-მ დაადგინა, რომ ხომასურიძემ მოწმეებზე - გურამ ამირხანაშვილსა და იაკობ ბრეგვაძეზე, ასევე მირიან ნიკოლაძეზე განახორციელა მუქარა.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა სატელევიზიო სივრცეში უკანონო შეიარაღებული ფორმირების - ,,თეთრი ისარის" სახელით გააკეთა მირიან ნიკოლაძის და გურამ ამირხანაშვილის ლიკვიდაციის შესახებ მუქარის შემცველი განცხადებები. ასევე, მის მიერ გაკეთებული განცხადება პირდაპირ შეიცავდა გურამ ამირხანაშვილის და იაკობ ბრეგვაძის ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.
დაკავებულმა, მისი შვილის ზ.ხ.-ს სსკ-ის 109-ე მუხლით ბრალდებულად ცნობიდან მეორე დღეს - 2020 წლის 12 აგვისტოს, მეგობრის მეშვეობით, ქ.თბილისში, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა ორი ერთნაირი მობილური ტელეფონი და არარეალურ აბონენტზე რეგისტრირებული სიმბარათები. აღნიშნულ ტელეფონებში ნომრების გააქტიურების შემდეგ, ხელოვნური მტკიცებულების შექმნის მიზნით, ბრალდებულმა მისი მეგობარი ერთერთი ტელეფონით გაგზავნა მოწმე გურამ ამირხანაშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეორე ტელეფონის ნომერზე კი აგზავნიდა წინასწარ შეთანხმებული შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს. იგი შეტყობინების მიღებისა და გაგზავნისას სპეციალურად იმყოფებოდა ძალოვანი უწყებების შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა კავშირგაბმულობის კომპანიებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ დაფიქსირებულიყო შესაბამისი საკომუნიკაციო ანძები. აღნიშნულის შედეგად ტელეფონებში, როგორც მტკიცებულება, დაფიქსირდა ყალბი მიმოწერა თითქოსდა გურამ ამირხანაშვილსა და პოლიციის თანამშრომელს შორის, რაც მიეწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს როგორც მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის დამადასტურებელი ფაქტი. პარალელურად, ბრალდებულმა საჯაროდ გააკეთა განცხადება თითქოს გურამ ამირხანაშვილის ტელეფონი უკანონო შეიარაღებული ფორმირების - ,,თეთრი ისარის“ წარმომადგენლებმა მოიპოვეს და ამით ხაზი გაუსვა უკვე გამოთქმული მუქარების სერიოზულობას, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ თამაზ ხომასურიძე გუშინ,11 სექტემბერს მუქარის, მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის დააკავეს.
თამაზ ხომასურიძეს 3-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.