ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამბიონიდან დამოუკიდებელი ტელევიზიების მენეჯმენტს ემუქრება. მან ქადაგება ჟურნალისტებს მიუძღვნა და ისინი ეკლესიასთან ბრძოლასა და სიცრუის ტირაჟირებაშიც დაადანაშაულა.
რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ ეკლესიას კარგად გადახედონ ხელმძღვანელები ვინ არიან, იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ, იმიტომ რომ მოსათხოვია და მოეთხოვებათ კიდეც, - ამბობს მეუფე იაკობი.
მეუფე იაკობმა რელიგიაზე შეტევის მაგალითად საფრანგეთში "შარლი ებდოზე" მომხდარი ტერორისტული აქტი მოიყვანა. "ჩვენ ხომ ასეთები არ ვართ, რადგან მასეთები არ ვართ და მოწყალებას ვიჩენთ ამ ჩვენი მაგინებლების მიმართ. მტრები არიან ჩვეულებრივი".
მეუფე იაკობმა ეკლესიის კრიტიკოსების მიმართ ხმის ამოღებისკენ მაღალი იერარქიის სხვა სასულიერო პირებსაც მოუწოდა.
რამდენი ხანია ეკლესიაზე მიდის შეტევა ისევ პრესით, ტელევიზიით, მე ჟურნალისტებს არ ვაბრალებ ამას, ეს არის ტელევიზიების მეპატრონეები. შეკვეთას რასაც მისცემენ, ჟურნალისტი იმას გააკეთებს, რომელ თავისუფალ პრესაზე, ტელევიზიაზე ან ჟურნალისტზეა ლაპარაკი. ისინი დიქტორები არიან. რაღაცას შეუკვეთავენ, დაუწერენ და აკეთებენ, რამდენი წელია ეკლესიაზე მიდის ბრძოლა. სად იყავით თქვე დალოცვილებო 2008-ში, როცა ჩვენმა გმირებმა იბრძოლეს, სად დაიკარგნენ პოლიტიკოსები თუ გმირი ტელევიზიები. ეკლესია და პატრიარქი რომ არ ყოფილიყო გმირებსაც არ გადმოგვასვენებინებდნენ. ასეთი ბოროტების კეთება არ შეიძლება, - ამბობს ემუფე იაკობი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მაღალი სასულიერო იერარქიის პირი მედიას ემუქრება.
6 სექტემბერს, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს ქვეყნის მტრები უწოდა.
მანამდე კი, 28 მაისს თქვა, რომ მედიამ ეკლესიაზე შეტევას თავი უნდა დაანებოს.