სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებელს, ანტირუსული აქციების მონაწილეს, გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ის 15 მაისს, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სულ 3-წამიანია. მისი თქმით, ოკმელაშვილი პოლიციელს კი არ დაესხა თავს, თავს და სხვა მოქალაქეს იცავდა ნიღბიანი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისგან.
ვიდეო მტკიცებულების გარდა საქმეში დევს დაზარალებული პოლიციელისა და სხვა სამართალდაცვების ჩვენებები. რაც შეეხება ოკმელაშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, დაცვის მხარე დნმ ექსპერტიზას ითხოვს.
წინასასამართლო სხდომა 4 ივლისს ჩაინიშნა, ამ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
"წარმოდგენილი იყო აბსოლუტურად შაბლონური შუამდგომლობა, კონკრეტული ვერანაირი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ რატომ უნდა გამოყენებულიყო პატიმრობა, მოვისმინეთ მხოლოდ თეორიული მტკიცებულებები, შაბლონური ტექსტი. მოსამართლემ, რა თქმა უნდა, ეს ტექსტი გაიზიარა და ის კი არა მოსამართლე შეჯიბრებითობის სტანდარტსაც გასცდა და ბოლოს პროკურორს რა არგუმენტიც არ დაუსახელებია ის არგუმენტი მოსამართლემ დაამატა, გაქარწყლებულ ნასამართლობაზე იმსჯელა და თან ისიც თქვა ეს კი არ არის არაფერ კავშირში, მაგრამ პატიმრობას მაინც ამის გამო გამოვიყენებო, ერთ-ერთი არგუმენტი ეს იქნებაო.
რაც შეეხება ვიდეო მტკიცებულებებს, ნამდვილად კონტექსტიდან ამოგლეჯილია ეს ვიდეო მტკიცებულება, სულ 2-3 წამიანი მტკიცებულებაა, სადაც შემხებლობა ჩანს გიორგისა და სამართალდამცავს შორის, თუმცა რამდენიმე წამით ადრე თუ ამ ვიდეო მტკიცებულებას ვიხილავთ, სხვადასხვა ტელევიზიების, თუნდაც გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ვნახავთ, ვნახავთ რომ აქ იყო ამ ნიღბიანი პირების მხრიდან ადამიანების მიმართ ძალის გადამეტება", - ამბობს ადვოკატი, ჯუმბერ ქათამაძე.