გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება პოლიციელზე ძალადობას ედავება, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სარეკლამო კომპანია "ლიმონის" ხელმძღვანელი პროტესტის ერთ -ერთი აქტიური მონაწილეა და სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა ის ოლიგარქის ხელისუფლების სამიზნეში.
სასამართლო პროცესზე დღეს ოკმელაშვილმა 13 მაისის მოვლენები დეტალურად აღწერა და დაასაბუთა, თუ რატომ გახდა შურისძიების მსხვერპლი. გიორგი ოკმელაშვილი პარლამენტთან სამართალდამცველების მხრიდან სასტიკი ძალადობისგან საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა.
მის სიტყვებს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალაც. კადრებში ჩანს, რომ ოკმელაშვილი შავფორმიანებისა და აქციის მონაწილეებს შორის დგას. ამ ეპიზოდში კი მუშტს იქნევს იმის გამო რომ პოლიციელი მოქალაქეებს ურტყამს.
რატომღაც ამ ეპიზოდებზე სარეკლამო კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი არ წარუდგინეს. მას პროკურატურა მხოლოდ იდაყვის ჩარტყმის ნაწილზე ედავება. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ეს კონკრეტული მომენტი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოს პოლიციელების დანაშაულის დაფარვა და იმ ადამიანების დასჯა სურს ვინც რუსულ კანონს ეწინააღმდეგება.
საპირისპირო პოზიცია აქვს პროკურორს. სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს,რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს ყველა მტკიცებულება რაც ბრალდებულის დანაშაულს ადასტურებს, მათ შორის დაზარალებული პოლიციელის ალექსანდრე ოხანაშვილის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა, რომ მან სახის არეში დაზიანება 13 მაისს მიიღო.
პოლიციელზე ძალადობის გარდა გიორგი ოკმელაშვილს მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა- შენახვასაც ედავებიან. დღეს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხის გამო სარეკლამო კომპანია "ლიმონის" ხელმძღვანელს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.