ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევისას დაჭრილი ერთ-ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის კლინიკაში რჩება. კიდევ ორი დაჭრილის მდგომარეობა, უცნობია. სამივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 მაისს, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, 3 ადამიანი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა. თუმცა, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ან ვინ იყვნენ თავდამსხმელები უცნობია.
"როგორც ვიცი, იყვნენ დაჭრილები...ყვირილის ხმა იყო, ხალხი გამოვიდა, როცა მოვიდა პოლიცია და სასწრაფო", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.