პოლიციამ თბილისსა და ქუთაისში ბარები, რესტორნები და კლუბები დახურა - აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

ერთად მომავლის გადასარჩენად! - საქართველოს პარლამენტთან დღეს, 13 სექტემბერს 18 საათზე მოქალაქეები, კლუბების, ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები აქციას მართავენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, თამუნა მუსერიძემ გაავრცელა. 

"მთავარ არხთან" საუბრისას მუსერიძე ამბობს, რომ გუშინ ღამით პოლიციის წარმომადგენლებმა თბილისსა და ქუთაისში ობიექტები დახურეს.

მოვითხოვთ პასუხის გაცემას ერთადერთ კითხვაზე, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ვიცხოვროთ, რადგან რესტორანში, ბარებში და კლუბებში მომუშავე ადამიანების უმეტესობა, ხელფასს უხეშად რომ ვთქვათ, იღებს ხელზე, მათ არც 200 ლარიანი დახმარება აუღიათ, ვითხოვთ გამოვიდეს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი და გაგვცეს პასუხი როგორ მოვიქცეთ, - თქვა თამუნა მუსერიძემ.

ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიცია სხვადასხვა ობიექტზე მივიდა და მათ დასაკეტად 2 საათი მისცა. პოლიციის წარმომადგენლებმა მეპატრონეებს უთხრეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილზე სხვა სტრუქტურის წარმომადგენლები მივიდოდნენ და 100 000 ლარით დააჯარიმებდნენ. 

მუსერიძე ამბობს, რომ რესტორნების გაერთიანებასთან საუბრისას ბიზნესომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ობიექტების დახურვა მათი განკარგულებით არ მომხდარა.

მუსერიძის განცხადებით, უცნობია, რა გახდა ობიექტების დახურვის მიზეზი. მისი ინფორმაციით, გუშინ ღამით დაიხურა : ბამბუ, სოლო, ნაინი, იუნიქი, სქაი, დუბლინი, ხინკლის სახლი, სახელოსნო, დედა ენა და შატრე.

მუსერიძის თქმით, პარლამენტთან იკრიბებიან არა იმიტომ, რომ რეგულაციებს არ ემორჩილებიან, ან ინფექციის გავრცელების არ სჯერათ, არამედ აინტერესებთ როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი