მოტყუებით დაეუფლნენ ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს | სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყეს. უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში, ბრალდებულების მიერ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიების სახელით, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც კომპანიებს შეუქმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი.

დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში 704 714 ლარს", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საგამოძიებოს ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული პირების მხილების მიზნით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი