"ოპერაციას ხელმძღვანელობდა "ტლაპო", საცვალიც კი შემომახიეს განყოფილებაში და იყავი ეხლა ეგრეო" | ბაბაევი მისი დაკავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

გორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - იოსებ ბაბაევი დღეს პირველად, სასამართლო პროცესზე გამოჩნდა ტელეკამერების წინ და ისაუბრა იარაღის ჩადების, ფიზიკური ანგარიშსწორების და არაადამიანური მოპყრობის დეტალებზე. 

ბაბაევი მის დაკავებას ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ, მის აქტივობებს უკავშირებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. 

ბაბაევს ძალადობის კვალი ეტყობა.

"ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება და ეს ფაქტი ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვარ და რუსული რეპრესიები , რუსული რეჟიმი მალე დამთავრდება. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა მეტსახელად "ტლაპო" შევარდნაძის დროიდან და კიდევ უფრო ადრე, შეჩვეულია ჩადებებს, ხალხის ასე გაუბედურებაშია გაზრდილი და იმ ღამეს რაც გააკეთეს ამ "სამართალდამცავებმა" ყველაფერი არის აღბეჭდილი მათივე ტელეფონებში. ნაცემს როგორ არაადამიანურად მეპყრობოდნენ , ამ ყველაფერს აფიქსირებდნენ ვიდეოდ და უგზავნიდნენ ხელმძღვანელ "ტლაპოს"... რომ არ მივეცი ჩემი ნებით ეს ტანსაცმელი და გაბრაზდნენ, ძალით შემომახიეს, განყოფილებაში, საცვალიც კი შემომახიეს. შიშველ ადამიანს მეუბნებოდნენ, იყავი ეხლა ეგრეო. " აღნიშნა ბაბაევმა სასამართლო პროცესზე 

ცნობისთვის, გორის რაიონული სასამართლო ჩხრეკის კანონიერების შესახებ მსჯელობს. ირკვევა, რომ სამართალდამცველებმა ისე დააკავეს ბაბაევი და ისე ჩაატარეს ჩხრეკა, რომ მათ მოსამართლის განჩინება არ ჰქონიათ. არ არის გამორიცხული მოსამართლე ლევან დარბაიძემ ამ ფაქტის გამო, ბაბაევის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს. 

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" მანქანაში ბაბაევს სწორედ პოლიციელებმა ჩაუდეს. 

ბაბაევს ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილეა, არის  ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი და ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. 

ახლობლები ამბობენ, რომ სწორედ ამ პოზიციის გამო გახდა ბაბაევი ხელისუფლებისა და მისი მორჩილი პოლიციის სამიზნე. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი