"წინ ევროპისკენ" | სოსო ბაბაევი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

წინ ევროპისკენ - ამ სიტყვებით დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ იოსებ ბაბაევმა. გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. მან მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა:

"ბრძოლის ხასიათზე ვარ, ერთადერთი იარაღი რაც გვაქვს ჩვენ , თავში გვაქვს. ჩვენ სხვა იარაღი არ გვჭირდება. ამიტომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. 

მოსამართლემ დღეს საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი. პირველ რიგში, იხელმძღვანელა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონით და მერე იხელმძღვანელა პირადი ეჭვით, გონივრული ეჭვით. მან "სამართალდამცავებისგან" დაინახა, რომ იყო არაჰუმანური მოპყრობა, დაინახა, რომ იყო ძალადობა, დაინახა, რომ იყო დანაშაული, არ იყო ვიდეოჩანაწერი და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი უდანაშაულო და არ მიიღო მტკიცებულება ეს დოკუმენტი. " ამბობს ბაბაევი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ხელმეორედ დაკავებას იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ბაბაევი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა:

"რა თქმა უნდა, მე მზად ვარ ბრძოლისთვის. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ვართ სწორ გზაზე და იმას, რომ რუსული მთავრობა აგრძელებს რუსულ ტერორს - იარაღის ჩადება, ნარკოტიკის ჩადება- ეს არის ყველაფერი რუსული, ეს გამოვიარეთ 90-იანებში და ამან არ უნდა შეგვაშინოს" აღნიშნა ბაბაევმა.

შეგახსენებთ, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დღეს იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო, ხოლო მიღებული ინფორმაცია დაუშვებლად. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ იმ დარღვევებზე ისაუბრა, რომლითაც სამართალდამცველებმა ბაბაევის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა ჩაატარეს და შემდეგ დააკავეს.  

იქამდე კი პროცესზე ბაბაევმა დეტალურად ისაუბრა იმ არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან დაკავებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ჰქონდა ადგილი. ფიზიკური ძალადობის კვალი ბაბაევის სახეზეც ეტყობა. 

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, რუსული წარმოების "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს. 

როგორც ირკვევა, ბაბაევს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შსს მისთვის საქმის შეკერვას გეგმავდა, რის გამოც, საკუთარ ავტომანქანაში წინასწარ 12 სათვალთვალო კამერა დააყენა. სწორედ ამ კამერებზეა სავარაუდოდ დაფიქსირებული პოლიციელების უკანონო ქმედებები. არ არის გამორიცხული არსებობდეს კონკრეტული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ჩადო პოლიციამ იარაღი ბაბაევის მანქანაში.

ბაბაევს ანტირუსული აქციების აქტიური მონაწილეა, არის  ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი და ხშირად აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. 

ახლობლები ამბობენ, რომ სწორედ ამ პოზიციის გამო გახდა ბაბაევი ხელისუფლებისა და მისი მორჩილი პოლიციის სამიზნე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი