გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დღეს ბრალდებულების ნაწილის გირაოს სანაცვლოდ, ნაწილის კი საერთოდ, აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მოთხოვნა გაიზიარა.
პროკურატურამ მთავარ საფრთხედ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულებების განადგურება დაასახელა.
დაკავებულები კი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.
მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს დაუმძიმა ბრალი.
ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.