დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, გურამ ადამიას პროცესი გაიმართა. ადამიანს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ის დაკავების შემდეგ კლინიკაშიც გადაიყვანეს. საქმეში ის დაზარალებულადაა ცნობილი.
სასამართლოზე მოწმეებად მისულმა პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. მოწმეს არ ახსოვდა რა ფერის ზედა ეცვა დაკავების დროს ადამიას.
"ყველამ თქვა, რომ ბატონი გურამის დაკავება მოხდა პარლამენტის ჭიშკრის შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, რაც ჩვენ მიერ წარდგენილი კადრებით არ დასტურდება და იმ კადრებით, სადაც რეალურად ხდება ბატონი გურამის დაკავება. ანუ გამოდის ამ ლოგიკით, რომ ბატონი გურამი იყო ჭიჭინაძის ქუჩაზე, იარა იარა და ბოლოს დააკავეს. ალოგიკური და აბსურდული ჩვენება მისცა მოწმემ. მეორე მოწმემ საერთოდ შეცვალა და თავდაყირა დააყენა თავისი კოლეგის მიერ მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ ბატონი გურამი პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრის ბლოკირებას ახდენდა. რაც პირველ მოწმეს არ დაუნახავს", - ამბობს ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე.
ადამია პროცესს თავადაც ესწრებოდა, მისი მთავარი კითხვა სამართალდაცმავების მიმართ იყო, ჰქონდა თუ არა დაზიანებები დაკავების დროს. ამ კითხვაზე ერთმა პოლიციელმა დადებითი პასუხი გასცა, მეორემ თქვა, რომ არ შეუმჩნევია.
"არ შეისწავლეს საქმე, არ შეისწავლეს სად რა ხდებოდა, არ შეისწავლეს არაფერი და შეიძლება ვიღაც ადამიანი მართლა იმ დღეს აგინებდა პოლიციას, ურტყამდა და ის ადამიანი თავისუფალია და მე კანონმორჩილი ადამიანი აგერ დავდივარ სასამართლოში. ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვისაც და ის პოლიციელები რომლებიც მოწმეებად იყვნენ, ბოლოს მათ ჩამაბარეს სპეცრაზმმა, იმ პოლიციელებს ალბათ რომ არ მივეღე, შეიძლება მოვეკალი ცემაში სპეცრაზმს. იმ პოლიციელებთან პრობლემა არ მაქვს, ამ ქალბატონმა ის პოლიციელებიც დააზარალა, ის ადამიანები ვინც მართლა დამნაშავეები იყვნენ, არ დაიჭირა", - ამბობს ადამია.
ადამიას ადმინისტრციულ სამართალდარღვევას ედავებიან.