კლინიკაში რჩება გუშინ ბალდაში დაჭრილი მინდია ბჟალავა | რას ყვებიან ბალდის კანიონის მცველები

გამოქვეყნდა:

პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, ძმები ხურცილავები, რომლებიც გუშინ ღამით, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს დაესხნენ თავს. იმ დროს, როცა ადგილობრივები საპროტესტო კარვის მიმართულებით მიდიოდნენ, ხურცილავებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს, ცივი იარაღითა და სანადირო თოფით შეიარაღებულები გზაზე გადაუდგნენ და მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ. 

მინდია ბჟალავამ სცადა მათთვის თოფის წართმევა, რა დროსაც რამდენჯერმე დაჭრეს. 33 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. 

არსებული ინფორმაციით, ძმები ხურცილავები ინვესტორი კომპანია "კანიონ- 350-ის" მფლობელ, მამუკა მერკვილაძესთან დაახლოებული პირები არიან.

"ვიყავით დაახლოებით 20-25 ადამიანი, გუშინდელ მორიგეობაზე, ჩვენ პირდაპირ წამოვიდა ორი ადამიანი გინებით, ყველას აგინებდა, დანებს გვიქნევდა. რაოდენობით მეტნი ვიყავით, შევეცადეთ, მოვუწოდეთ დანა მოეშორებინათ, არ მოაშორეს, გავაფრთხილეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვთხოვეთ, ისინი აგრესიულად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ... გამოვართვით დანა, ყველას დავაყრევინეთ ქვევით, დავიჭირეთ ადგილზე, მერე მოვიდა პოლიცია", - ყვება არჩილ ბჟალავა.

დაკავებულებიდან ერთს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას, მეორეს კი მუქარას ედავება. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ როგორც "ბალდის კანიონის მცველები", ასევე კომპანიის წარმომადგენლები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი