"ოცნების" ორმაგი სტანდარტი | ამ დრომდე არ დასჯილან აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდამსხმელები

გამოქვეყნდა:

ბოლო თვეების განმავლობაში თავს რუსული კანონის მოწინააღმდეგე არაერთ აქტივისტსა და ოპოზიციონერს დაესხნენ, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე გამოვლენილი არც ერთი მოძალადე არ ჰყავს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმას ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უწყებები განსხვავებული ოპერატიულობით მოქმედებს, რასაც მოწმობს ონლაინ რეჟიმში ამოცნობილი მომიტინგეები და მათ წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესები.

მოქალაქეების ნაწილი დაკავების დროს სცემეს, მათ შორის "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი, დავით ქაცარავა და მოქალაქე გურამ ადამია. ისინი "მთავართან" ამბობენ, რომ გამოიკითხნენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, ამ უწყებას აქვს ვიდეო კადრებიც, მათ შორის მედიიდან ამოღებული და მიწოდებული, თუმცა იდენტიფიცირებულები არ არიან სპეცრაზმელები, რომლებმაც ქაცარავასა და ადამიაზე იძალადეს.

ქაცარავა ამბობს, რომ ძალადობა ხელისუფლებისთვის ერთადერთი გზაა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. 

"შსს-მ შექმნა ანონიმური დაჯგუფება ფაქტობრივად, რომელიც დადის და ხალხს სცემს.... სანამ ეს არ შეიცვლება, მანამდე არც გამოძიება არ იქნება", - ამბობს ადამია.

"ნაციონალური მოძრაობის წევრს", დიმიტრი ჩიქოვანს თავს სახლთან 8 მაისს დაესხნენ. ამის შემდეგ თვეზე მეტი გავიდა, თუმცა როგორც ჩიქოვანი ამბობს, გამოკითხვის შემდეგ მას არც ერთი უწყება არ დაჰკავშირებია. 

"გამოძიებას საკმაო დრო დასჭირდა, დაახლოებით 8 დღეში გამომკითხა პირველად, იმის მერე საერთოდ არც ერთი სტრუქტურა არ შემხმიანებია, არც რამე მოლოდინი მაქვს, რომ ეს გამოძიება დასრულდება იდენტიფიკაციით იმ ადამიანების, ვინც თავს დამესხა, იმიტომ, რომ ცალსახად, ეს თავდასხმები ორგანიზებულია "ქართული ოცნების" მიერ და რა თქმა უნდა, მათ ინტერესში არ არის გამოძიება მიყვანილი იყოს ბოლომდე", - ამბობს ჩიქოვანი.

9 მაისს თავს დაესხნენ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს. ის "მთავართან" ყვება, რომ საქმის გამომძიებელი შეიცვალა, ახალ გამომძიებელს გუშინ, 13 ივნისს ესაუბრა, თუმცა სხვა სიახლე არაფერია. 

"პირად საუბარში საკმაოდ თავაზიანები არიან, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერი არის. კორპუსის კუთვნილია კამერები და ჩანაწერები, ესეც ასევე არის სადღაც ექსპერტიზაზე. მეუბნებიან, რომ იყო გადაუდებელი აუცილებლობა, რომ ის წაეღოთ, თუმცა გადაუდებელი აუცილებლობის მიუხედავად, ის ჯერ არ უნახავთ", - თქვა გია ჯაფარიძემ.

იმავე დღეს თავს დაესხნენ "გირჩი მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუას. მისი თქმით, სისტემა არავის მისცემს თავისი მოძალადეების დაკავების უფლებას, რადგან "როგორც კი ერთი პრეცედენტი გაჩნდება, რომ მოძალადე დაიჭირეს, ბევრად უფრო გაძვირდება და რისკიანი გახდება განსხვავებული აზრის მქონე პირებზე თავდასხმა, ასე რომ "ქართული ოცნება" ძალიან ბეჯითად იცავს თავის მოძალადეებს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი