სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თარაშ კანდელაკი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მან არც დღევანდელ სასამართლო პროცესზე თქვა ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ იმ საქმეში, სადაც მისივე თანატოლი სამ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი დღეს დაკრძალეს, მისი ცემის ბრალდებით კი სასამართლოს განაჩენს მხოლოდ მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი ელოდება.
თარაშ კანდელაკი პოლიციამ 9 ივნისს დააკავა. ბრალდების მიხედვით ის უშუალოდ მონაწილეობდა დაპირისპირებაში სადაც თედიაშვილი სასტიკად სცემეს. საქმის მასალებით გორში რესტორან ჟოზეფთან მომხდარ დაპირისპირებაში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილებდა.
კანდელაკის ადვოკატი ამბობს რომ გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ ჩატარებულა, რადგან ჩხუბში მონაწილე ყველა პირი პროკურატურას იდენტიფიცირებული არ ყავს, შესაბამისად განსასჯელის სკამზე ახლა მხოლოდ თარაშ კანდელაკი ზის, რომელზეც მისი დამცველი ამტკიცებს, რომ ჩხუბში გამშველებელი იყო.
საქმის პროკურორის მტკიცებით სხვა პირების ბრალეულობაზე მტკიცებულებები არ აქვთ, სამაგიეროდ დადასტურებულად იციან რომ 18 წლის თედიაშვილს სპორტსმენი კანდელაკი ურტყამდა.
ჩხუბში რომ ბევრი ადამიანი მონაწილეობდა მომხდარიდან 3 თვის შემდეგაც კარგად ახსოვთ შემთხვევის ადგილზე მცხოვრებთ.რესტორან ჟოზეფში კი რომელიც კანდელაკების ოჯახის საკუთრებაა, მომხდარის გახსენება არ სურთ.
თვითმხილველების მონათხრობით, კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის სწორედ რესტორანში სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო და მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსთან ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
საქმის დეტალებზე სამი თვეა არ საუბრობს მოკრივე კანდელაკი და მისი ოჯახის. "მთავარის" გადამღებ ჯგუფს ისინი საცხოვრებელ მისამართზე არც დღეს დახვდნენ.
საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს დაღუპული თედიაშვილის ოჯახს. ისინი ამბობენ რომ გამოძიებას ენდობიან.
თედლიაშვილებს პრეტენზია აქვთ სამედიცინო პერსონალთან . ისინი ამტკიცებენ რომ 18 წლის მოზარდის რეაბილიტაცია ექიმებმა არასწორ დროს გადაწყვიტეს, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია.
კლინიკა ჯერარსის მთავარი ექიმი კი ამბობს რომ პაციენტის ოჯახს პრეტენზია მკურნალობასთან დაკავშირებით არ ჰქონია და ეს მხოლოდ მათი ადვოკატის განცხადებებია.
გორის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღევანდელი განცხადებების მიხედვით საქმეზე ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდება და 18 წლის ერეკლე თედიაშვილის სასტიკი ცემის გამო განაჩენი მხოლოდ თარაშ კანდელაკის მიმართ დადგება.