"აქციიდან სახლში მიდიოდა, სამართალდამცავმა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, სცემა" | სასამართლოში აქტივისტების პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანტირუსულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების პროცესები მიმდინარეობს. სასამართლო 6 პირის საქმეს განიხილავს, მათგან ხუთს სისხლის სამართლის დანაშაულს, ერთს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. პროკურატურა პატიმრობაში მყოფებს სახელმწიფო ქონების დაზიანებას, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და ძალადობას ედავება.

უკვე დასრულდა 20 წლის ფრიდონ ბაბუტელაშვილის პროცესი, რომელსაც სამართალდამცავის მისამართით ძალადობას ედავებიან. დაცვის მხარე ამბობს, რომ პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს. ადვოკატმა გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა. 

 "სასამართლომ არ მიიღო ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან ტყვედ აყვანილები, თავისუფალი ადამიანები არიან ტყვედ აყვანილები და არ არსებობს არავითარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმეში", - თქვა ლაშა ტყეშელაძე.

კიდევ ერთი დაკავებული ახალგაზრდის უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავების დროს, როცა აქცია უკვე დასრულებული იყო, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელმა სცემა. საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო და პირი დაზარალებულადაა ცნობილით, თუმცა მოძალადე პოლიციელი არ დაუკავებიათ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი როდესაც აქციიდან მიდიოდა სახლში და გამოძახებული ჰყავდა "ბოლტის" აპლიკაციის ტაქსი, მას სამართალდამცავი ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენელი მიუახლოვდა, ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, იძალადა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად და ცემის შემდეგ, მხოლოდ ამის შემდეგ დაუკავშირდა სხვა ეკიპაჟის წარმომადგენელს და გადასცა უკვე დაკავებული პირი.

გამოძიებას ჩვენთვის ამ ეტაპზე არ გადმოუცემია სისხლის სამართლის საქმის მასალები, თუმცა უახლოეს დღეებში ველოდებით, ასევე ცხადია ვაპირებთ, რომ ჩვენ თვითონ წარვადგინოთ შესაბამისი სხდომის ოქმი და დაიკითხონ ეს პირები",- ამბობს ადვოკატი.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ აქტივისტებისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებიდან თითქმის ორი თვე უკვე გავიდა და პროკურატურას თუ მოწმეების მოძიება ან მტკიცებულებებს მოპოვება სურდა, ამ დროში შეეძლო აღნიშნულის გაკეთება, ამიტომ დღევანდელ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი