რაგბის კავშირის ტერიტორია, სადაც დღეს, 16 სექტემბერს, იუნკერების გუნდის კაპიტანი დაჭრეს, ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დატოვეს და ადგილიდან გარკვეული ნივთმტკიცებებიც წაიღეს.
დაპირისპირების დეტალები ამ დრომდე უნობია, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმხილველებმა 2-3 გასროლა გაიგეს, შემთხვევა კი შენობის სადარბაზოში მოხდა და არა უშუალოდ რაგბის კავშირის ტერიტორიაზე.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ შვიდკაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის კაპიტანი - რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბესელიასა და ხარაზიშვილს პირადი დაპირისპირება არ ჰქონიათ და კონფლიქტი, შესაძლოა, რაგბის კავშირში ფინანსებისა და ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.
რაგბის კავშირში მომხდარი სროლისა და დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. როგორც უწყების პრესსამსახურში, "მთავარს" უთხრეს სისხლის სამართლის საქმე 118-ე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და 236-ე იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.