"პასუხი უნდა აგონ არა მხოლოდ შემსრულებლებმა, არამედ მათ ვინც დაგეგმეს" | 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 3 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე ღირსების მარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრორუსულმა, მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კონტრაქცია გამართეს, იძალადეს ჟურნალისტებზე, თავს დაესხნენ მოქალაქეებს, დაამტვრიეს ტექნიკა, შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა "სირცხვილიას" და Tbilisi Pride-ის ოფისები.

ამ დღეს მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, რადიკალებმა სცემეს "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 2021 წლის 11 ივლისს გარდაიცვალა. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელიც სასამართლოში დაზარალებულთა ნაწილის უფლებებს იცავს, ამბობს, რომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ჩამდენი პირების უმეტესობა, ისევე როგორც ორგანიზატორები, კვლავაც დაუსჯელნი არიან, ხოლო სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ არსებობს კადრები და შესაბამისი ვიდეო მასალა, საიდანაც მარტივად შეიძლება ძალადობის ჩამდენი პირების, ასევე ორგანიზატორების იდენტიფიცირება, თუმცა არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება. 

"დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ 5 ივლისი იყო მიზანმიმართული შურისძიება ჟურნალისტების წინააღმდეგ" - ამბობს "ტვ პირველის" ჟურნალისტი, რუსუდან ჯაბანიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საქმის სათანადო გამოძიება არ მოხდება. 

"5 ივლისს მედია დატოვეს დაუცველი, პოლიციის გარეშე, ყველა ადამიანის გარეშე რომელსაც ვითარების დასტაბილურება შეეძლო, დატოვეს მოძალადეების პირისპირ და აუცილებლად ამ ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგონ არა მხოლოდ შემსრულებლებმა, ადამიანებმა რომლებმაც დაგეგმეს 5 ივლისი, ესენი არიან "ოცნების" მაღალჩინოსნები, ყოველთვის ვიბრძოლებ, რომ ეს ადამიანები დაისაჯონ", - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი.

"ფორმულას" ჟურნალისტი, ლუკა ხაჩიძე ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს, შორის, რომლებმაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. ის დარწმუნებულია, რომ ევროპული სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლობას გამოკვეთავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი