თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც გაირკვა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევას ედავებიან - წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ქაცარავა საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ილანძღებოდა, თუმცა საპასუხოდ ქაცარავამ განაცხადა, რომ მას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.
ამ წუთებში პროცესზე ერთ-ერთი მოწმე, პატრულ ინსპექტორი იკითხება. ის ამბობს, რომ დაკავებამდე სამართალდამცავების მიმართ ქაცარავას სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო, რადგან იქ მყოფი რამდენიმე პოლიციელი იბრძოდა 2008 წლის ომში. მოწმეს ჯერ არ უსაუბრია როდის და რატომ სცემეს დავით ქაცარავა, რომელიც დაკავების შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.
ვიდეო მტკიცებულება წარადგინა დაცვის მხარემ, კადრებში დაკავების მომენტია ასახული, შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს კადრები მანამდე ნანახი არ ჰქონდა და დრო სჭირდებოდა გასაცნობად, რათა შემდეგ გამოეთქვა მოსაზრება დაერთოთ თუ არა ეს მტკიცებულება საქმეზე, ეს პოზიცია გაუგებარი აღმოჩნდა მოსამართლისთვის, რომელმაც თქვა, რომ მასაც კი ნანახი ჰქონდა ქაცარავას დაკავების კადრები.