შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში მომხდარ სისხლიანი გარჩევისა და დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, - აღნიშნულია განცხადებაში.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ შვიდკაცა რაგბის ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად იუნკერების გუნდის კაპიტანი - რამაზ ხარაზიშვილი დაჭრა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ბესელიასა და ხარაზიშვილს პირადი დაპირისპირება არ ჰქონიათ და კონფლიქტი, შესაძლოა, რაგბის კავშირში ფინანსებისა და ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდებოდეს.