ბაბაევის საქმე | მორიგი პოლიტიკური შურისძიება

გამოქვეყნდა:

ქართული სამართალდამცავი სისტემის უსამართლობა და ადამიანის უფლებებისადმი ნულოვანი პატივისცემა დიდი ხანია აღარ გვაკვირვებს, თუმცა სამოქალაქო აქტივისტისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, სოსო ბაბაევის საქმე ამ ანტისტანდარტებიდანაც კი იმდენად ამოვარდნილია, რომ მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპზე მოსამართლემ სრულიად უკანონოდ ცნო ჩხრეკა, რომლის შედეგად ვითომდა ნივთმტკიცების სახით ამოღებული იქნა 2 ცეცხლსასროლი იარაღი. ამას დავუმატოთ დაკავების დროს ფიზიკური ანგარიშსწორება ღიად პოლიტიკური კონტექსტით და  გასაგები ხდება რომ საქმე გვაქვს მორიგ პოლიტიკურ შურისძიებასთან.

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ყვება , რომ სამართალდამცავებმა  ყველა კანონის დარღვევით დააკავეს , ცეცხლსასროლი იარაღები კი მის კუთვნილ ავტომობილში თავად  ჩადეს.  მოსამართლემ ფაქტობრივად გაამართლა, თუმცა მისი პოლიტიკური დევნა არ დასრულებულა. რამდენიმე დღის წინ სოსო ბაბაევს ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარების მუხლით წაუყენეს,  რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

წინასასამართლო სხდომა უკვე  ჩანიშნულია. 2 აგვისტოს  მხარეები მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენს. ყველაფერი კი 4 ივნისს დაიწყო.

ტერიტორიაზე ვიდეო კამერები არ არის, გზა გადაკეტილია, მანქანები არ მოძრაობენ. სოსო ბაბაევი მანქანას აჩერებს. მის მანქანას კი  რამდენიმე ადამიანი უახლოვდება  და ისინი  იარაღის ტარებით მინების ჩამტვრევას ცდილობენ. 

როგორც ბაბაევი ამბობს თავს  დაახლოებით 30-მდე ადამიანი დაესხა. მასზე ფიზიკურად იძალადეს. დაზიანებები სახისა და სხეულის არაერთ ადგილას აღენიშნებოდა. უკანონო გაჩხრიკეს პირადად ბაბაევიც და მისი ავტომობილიც.  ცემის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და ახსენებდნენ, რომ ის  რუსულ კანონს აპროტესტებდა და  სოციალურ ქსელებში ხელისუფლებას აკრიტიკებდა. დაკავების დროს  პისტოლეტი და  ავტომატი ამოიღეს. 

საქმეში მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენება დევს, იმის მიუხედავად რომ დაკავების ოპერაციაში 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა. როგორც ბრალდების მხარე ამბობს "საშიში შეიარაღებული დამნაშავის" დასაკავებლად  მხოლოდ სამი პოლიციელი ატარებდა სპეცოპერაციას. 

6 ივნისს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ  პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო. სოსო ბაბაევმა გორის დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. მოსამართლემ პროცესზე ბიზნესმენს მიმართა, რომ  მას აქვს კანონიერი უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. 

ბაბაევი ასეც მოიქცა, პოლიციელების წინააღმდეგ მაშინვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.  გამოძიება დაწყებულია.  ბრალდების მხარემ კი  პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და  მოითხოვა ჩხრეკის კანონიერების ცნობა. პროცესი 13 ივნისს ჩატარდა, სადაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ბაბაევის ავტომანქანის ჩხრეკა კანონიერად ცნო, თუმცა ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ პირადი ჩხრეკა სრულიად უკანონოდ იყო ჩატარებული.  

ბაბაევი 2008 წლის ომის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.  გორში საკუთარი რესტორანი გახსნა, სადაც საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირისა და უკრაინის დროშები გადმოფინა. შესასვლელში კი  აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა.  ანტისაოკუპაციო მოძრაობაში აქტიურად ჩაერთო და უკრაინაში ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის შეჭრის დღიდანვე  დაიწყო ფიქრი და მუშაობა, იმაზე თუ როგორ დახმარებოდა უკრაინელ ხალხს.  აგროვებდა ჰუმანიტარულ  ტვირთს და თავად ჩაჰქონდა უკრაინაში, ხვდებოდა იქ  მებრძოლ ქართველებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი