კურიერის დაჭრისთვის ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა | პროკურატურა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა კურიერი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, თუმცა პროკურატურამ ბრალი დაამძიმა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.

მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე." აცხადებს პროკურატურა

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც გლოვოს კურიერს ესროლა იდენტიფიცირებულია, თუმცა პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია.  სულ თავდასხმაში 8 პირი მონაწილეობდა. ისინი კურიერს იმ მოტივით გაუსწორდნენ, რომ შეკვეთას 1 ბოთლი ლუდი აკლდა. 32 წლის თემო სიგუას ჯერ სცემეს, შემდეგ კი ფეხში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი