კრიმინალის პრევენცია თუ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა - გორში პოლიციას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მიზეზი ღამით გამკაცრებული საპოლიციო მოქმედებებია, რა დროსაც სამართალდამცველები ქუჩაში მყოფ ადგილობრივებს სახლებში შესვლას აიძულებენ.
სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე ვალიაური ამბობს, რომ პოლიცია უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. მისი თქმით, კრიმინალთან ბრძოლა ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფონზე არ უნდა ხდებოდეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, რკინიგზის დასახლებაში კონტროლი მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბიზნესმენის კუთვნილი სატვირთო ავტომობილის საეჭვო ვითარებაში დაწვა.
შსს-ში კი ამბობენ, რომ რკინიგზის დასახლებაში განსაკუთრებული არაფერი ხდება და საპოლიციო კონტროლი იქ ისე მიმდინარეობს, როგორც სხვაგან.