სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თაროზე შემოდო - კოკა კაციტაძის უწყება ამ დრომდე დუმს იმ სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულებზე, რომლებიც ანტისაოკუპაციო "რესტო ბარის" მფლობელისთვის იარაღის ჩადების და არაადამიანური მოპყრობის საქმეში ფიგურირებენ.
ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი კი კვლავ თავდასხმის მსხვერპლია, მის წინააღმდეგ სამთავრობო ტროლები დისკრედიტაციის კამპანიას აწარმოებენ, დეზინფორმაციულ პოსტებს სოციალურ ქსელში პოლოციელები აზიარებენ. ბაბაევი რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს, აქტივისტის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მაშინ როცა ინტერვიუს აძლევდა Post Factum-ის გადამღებ ჯგუფს, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ტელეკამერის წინ მას შეურაცხყოფა მიაყენეს.
"დღემდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ გაუკეთებია. არანაირი რეაგირება არ მოახდინა იმიტომ რომ ის მოძალადე და იარაღის ჩამდები პოლიციელები, რომლებიც ყოველდღე აგრძელებენ ბოროტმოქმედებას , ისევ დაუსჯელები არიან, ისევ სამსახურებში მუშაობენ... აგრძელებენ ადამიანის დევნას პოლიტიკური ნიშნით. გარდა მაგისა, არ ერიდებიან არაფერს, პირდაპირ შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჟურნალისტებთან, მათ შორის, და ძალიან აგრესიულად არიან განწყობილები. ეს ბოროტმოქმედები უნდა მოხსნან სამსახურიდან და საზოგადოებამ მემგონი უნდა დაინახოს რომ დაისაჯოს ეს ბოროტმოქმედი, იარაღის ჩამდები მილიცია, - ამბობს ბაბაევი.