უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ შალვა თადუმაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ე.წ "ვეტინგის" სისტემაზე. ის ამტკიცებს, რომ ეს არ არის იმ 9 რეკომენდაციით მოთხოვნილი, რომელიც ქვეყნას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სჭირდება.
თადუმაძე ტრადიციულად ისევ იმეორებს, რომ არანაირი კლანური მმართველობა სასამართლოში არ არსებობს და ამბობს, რომ ის არაფერს მალავს.
"არანაირი კლანური მმართველობა არ არსებობს, მართლმსაჯულებაში ყველა ქვეყანაში არსებობს ხარვეზები და პრობლემები, მსგავსი კატეგორიის ხარვეზები და პრობლემები ჩვენთაც არსებობს. ყოველდღიურად სხვადასხვა უწყებები, მათ შორის იუსტიციის საბჭო კოორდინირებულად მუშაობს იმაზე, რომ გამოსწორდეს ეს ხარვეზები.
კლასიკურად ვეტინგი არის შემოწმების მექანიზმი, მაგრამ საქართველოში ვეტინგი არის განსასჯელების და მსჯავრდებულების ანგარიშსწორება სასამართლოზე. მე ერთხელ ვთქვი უკვე, ის პოლიტიკური სპექტრი, რომელიც დღეს ჩემი და კოლეგების შემოწმებას კეთილსინდისირების კუთხით ფიქრობს და გულისხმობს, რაღაც პერიოდის წინ ან ჩემი განსასჯელები იყვნენ, ან ჩემი მსჯავრდებულები.
მე არაფერს ვმალავ, ყოველწლიურად ვავსებ დეკლარაციას, ყოვლეწლიურად მონიტორინგის ქვეშ არის ჩემი დეკლარაცია, ხანდახან მაჯარიმებენ კიდეც, შემდგომ ამ ჯარიმას ვასაჩივრებ და ვიგებ სასამართლოში", - თქვა თადუმაძემ.
მისი თქმით, რეკომენდაციებით მოთხოვნილია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში ასეთი მექანიზმი არსებობდეს და არა ის, რომ რომ კონკრეტული მოსამართლეები წარდგნენ "თავიანთი განსასჯელების წინაშე და ანგარიში ჩააბარონ".