თბილისის საქალაქო სასამართლოში "მთავარი არხის" თანაწამყვანისა და კინომცოდნის, ლევან აბდუშელიშვილის პროცესი გადაიდო.
სასამართლო დარბაზში დღეს შსს-ს მოწმედ წარმოდგენილი ჰყავდა მოწმე პოლიციელები, რომლებმაც ბოლო წუთებში წარადგინეს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადვოკატის შეფასებით, აბდუშელიშვილის უდანაშაულობას ამტკიცებს:
"დღეს მოწმე პოლიციელებმა პრაქტიკულად თქვეს, რომ არაფერი არ დაუნახავთ და ლევან აბდუშელიშვილი არაფერს არ არღვევდა, რომ გაიგეს თუ არა მოწოდება არ იციან, არ იციან სად იდგა და როგორ იდგა. პრაქტიკულად, მოწმე პოლიციელების ჩვენება იყო უშინაარსო. პირველი, რასაც პოლიციელები ამბობდნენ ის იყო, რომ მათ სამხრე კამერები ჰქონდათ, თუმცა არ მოუტანიათ სამხრე კამერების ჩანაწერები და არც სასამართლოს არ გაუჩნდა ინტერესი ამ კამერებთან დაკავშირებით, როდესაც ტელეეთერის ინტერვიუ მათთვის დასაშვები და მისაღები იყო." - განაცხადა იურისტმა, თეო ზაქარაშვილმა.
თავად აბდუშელიშვილის თქმით, მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების დროს რამდენიმე პოლიციელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის ასევე ამბობს, რომ მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რასაც დაავალებენ.
"მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო, ეს პოლიციელები მე არ მახსოვს იქ, იმ ადგილზე რომ ყოფილიყვნენ. ერთი ნამდვილად ვიცი, რომ არ იყო. იმ ადამიანმა ნამდვილად შეადგინა ოქმი. ოღონდ უკვე ადგილზე და არა უშუალოდ იქ. სადმე არ მინახავს ჭავჭავაძის გამზირზე. მან თქვა, რომ ვერ დამინახა როგორ დამარტყეს, არადა თქვა, რომ საჭესთან იჯდა. აქეთ-იქიდან რომ დამარტყეს, ყველა შემთხვევაში უნდა დაენახა. მტკიცებულებები არ ეყოთ და ბოლო წამს, "ფორმულაზე" ჩემი ინტერვიუდან 20 წამიანი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო წარადგინეს, სადაც ვამბობ, რომ გზას ვკვეთავდი და პოლიციას დავემორჩილეთ. ეს წარადგინეს საქმის მტკიცებულად, თითქოს მე კანონი დავარღვიე. - ამბობს ლევან აბდუშელიშვილი.
აბდუშელიშვილი რამდენიმე პოლიციელმა ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის დროს 2 თვის წინ დააკავა. მას ადმინისტრაციულ კანონდარღვევას - პოლიციელის დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას ედავებიან.