მოქალაქეები ლუკა კინწურაშვილი და თორნიკე ობოლაშვილი პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ისინი ყვებიან, რომ სამართალდამცველებმა სხვადასხვაა ადგილას გადამოწმების მიზნით გაჩერეს, უკანონოდ გაჩხრიკეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცხოფა მიაყენეს, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ამ წუთებში კინწურაშვილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება, სადაც საქმეზე მოკვლევა დაიწყო. შემთხვევა მუხიანის ტერიტორიაზე, 9 ივლისს მოხდა, კინწურაშვილი უფორმო პოლიციელებმა გააჩერეს, პოლიცია მას უხეშად ესაუბრებოდა, რის გამოც მან ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა, ამას სამართალდამცავების გაღიზიანება მოჰყვა. მათ მოქალაქეს ტელეფონი წაართვეს და მალევე დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განყოფილებაში მას უთხრეს, რომ თუ ვიდეოს, რომელზეც ასახული იყო პოლიციელების უხეში დამოკიდებულება და დაცინვა, წაშლიდა, მალევე გაუშვებდნენ, თუმცა აღნიშნული ტყუილი აღმოჩნდა. კინწურაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი დღე გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მას ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ მისცეს.
"მესაუბრებოდნენ ძალიან უხეშად, აგდებული ტონით, წარვუდგინე საბუთი, ხელით, მითხრეს რომ ეს არ იყო საკმარისი უნდა მიმეცა, მეც მაშინვე მივაწოდე, არ შევწინააღმდეგებივარ. ვიდეო რომ გადავიღე მწვდა ერთი პოლიციელი ხელში, მეორემ უთხრა დაენებებინა თავი, ამოწმებდნენ ჩემ მონაცემებს, მესაუბრებოდნენ უხეშად, რომ არ ეშინიათ არაფრის, გადაიღე, რაც გინდა გააკეთე, ვისაც გინდა დაურეკე, პრობლემა არ გვაქვს. მოდის ცოტა ხანში დაბურული შუშებით შავი მანქანა, გადმოდის კიდევ ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ პოლიციის განყოფილების უფროსი, მეკითხება: რა ხდება ლუკა, კამერა ჩაწიე, მწვდება ხელში, ტელეფონს მგლიჯავს ეგრევე, დააკავეთო, ხელები გადამიგრიხეს. დაიწყეს დაბურულ მანქანაში ჩემი ნივთების ჩხრეკა. [...] პოლიციის განყოფილებაში მიდის ჩემი დაშინება, შეშინება, არ ვიცი რა ჰქვია ამას, ფიზიკური შეურაცხყოფა მხოლოდ მანქანაში იყო", - ყვება კინწურაშვილი.
წლების წინ იმავე განყოფილებაში სცემეს, მაგრამ საქმე 2015 წელს, არ გამოძიებულა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში უკვე იმყოფებოდა, თორნიკე ობოლაშვილი. ადვოკატის თქმით, ჯერ ოფიციალურად გამოძიება არ დაწყებულა და მოკვლევა მიმდინარეობს. ის ითხოვს ამოიღონ კამერების ჩანაწერები და ჩატარდეს ექსპერტიზა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებები აქვს.