ლუკა კინწურაშვილმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღეს დეტალურად მოუყვა, როგორ გადაამეტეს უფლებამოსილებას მის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა. პოლიციელების მხრიდან შეურაცხყოფისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ამ უწყებისთვის გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა, თუმცა დაისჯებიან თუ არა მოძალადე პოლიციელები, რთული სათქმელია. იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული დეტალურად იხსენებს 9 ივლისს მომხდარ შემთხვევას, ჯერჯერობით საქმეში არ არის არც გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და არც მუხიანის პოლიციის შენობაში დამონტაჟებული კამერებია ამოღებული.
პოლიციის განყოფილებაში კინწურაშვილს მობილური ტელეფონით გადაღებული ვიდეო, თავისუფლების სანაცვლოდ წააშლევინეს. თუმცა ეს პირობა პოლიციელებმა არ შეასრულეს და დაზარალებულმა 35 საათი დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა. მას პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა კინწურაშვილის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და რომ მის წინააღმდეგ პოლიციელებმა, სავარაუდოდ, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს.
ლუკა კინწურაშვილი საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე ისევ გააჩერეს და ზედაპირულად გაჩხრიკეს, მოსთხოვეს ჩანთის გახსნაც, რის შემდეგაც კინწურაშვილი ადვოკატს დაუკავშირდა. უფლებადამცველმა პოლიციელებს განუმარტა, რომ მათ არ ჰქონდათ ჩანთის გაჩხრეკის უფლება შესაბამისი დოკუმენტის გარეშე.
პოლიციელებმა სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს თორნიკე ობოლაშვილზეც. ჩანთის ჩხრეკაზე უარის თქმისა და უკანონო ქმედებების ვიდეოზე აღბეჭდვის გამო, ის იძულებით წაიყვანეს თემქის პოლიციაში, წაართვეს ტელეფონი. ვიდეოს წაშლის გარდა, დაზარალებული ფიქრობს, რომ სამართალდამცველებმა მისი პირადი ინფორმაციაც უკანონოდ მოიპოვეს. პოლიციის შენობაში შესაბამისი დოკუმენტის გარეშე გახსნეს მისი ჩანთაც და მაშინ აღმოაჩინეს, რომ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის უფროსი თანაშემწის წინააღმდეგ გადაამეტეს.
ობოლაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, პოლიციელებმა მისი სამსახურებრივი საბუთი იპოვეს. მაგრამ ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ, რამენაირად უნდა გაემართლებინათ უკანონო ქმედებები. ამტკიცებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. საქმე სასამართლოშიც წაიღეს და განხილვა 31 ივლისს ჩაინიშნა.
პარალელურად, პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური იკვლევს, თუმცა ოფიციალური გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.
უფლებადამცველები თვლიან, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ძალადობის და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღო, ამ დანაშაულის აღსაკვეთად კი შესაბამისი უწყებები ადეკვატურად არ რეაგირებენ.