იოსელიანმა და აშშ-ის ელჩმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში შეტანილ სარჩელებზე და პროცესში ომბუდსმენის მონაწილეობაზე ისაუბრეს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 19 ივლისს ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა. შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, ისაუბრეს რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე და პროცესში ომბუდსმენის მონაწილეობაზე.

"შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში შექმნილი ვითარება განიხილეს. მათ შორის, ისაუბრეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელებზე, მათი განხილვის პერსპექტივაზე და აღნიშნულ პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის საკითხზე. ამასთან, ელჩი დაინტერესდა კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავთა ქმედებების პროპორციულობით, დაკავებული პირების მდგომარეობით და გამოძიების მიმდინარეობის პროცესით. მხარეებმა ასევე, ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და სახალხო დამცველის მანდატზე საარჩევნო პროცესებში ჩართულობის კუთხით.

შეხვედრაზე ასევე აშშ-ს საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერების მიზნით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმდინარე პროექტი განიხილეს", - წერია განცხადებაში.

აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც აშშ-ს ხელისუფლება და ამერიკელი ხალხი მუდმივად უწევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი