საგარეჯოში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმიდან 1 წლის შემდეგ დამნაშავეები ისევ არ დასჯილან. ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე ერთადერთი საჯარო მოხელე, რომელიც მაშინ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა მამუკა შაქარაშვილია. მას თელავის სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მალევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ფაქტი პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა და კვლავ პატიმრობა მოითხოვა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში.
შაქარაშვილი გათავისუფლებიდან მალევე დააბრუნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლად, სადაც ის მანამდეც მუშაობდა. მოძალადეს ბიუჯეტიდან ამ დრომდე უხდიან ხელფასს. შაქარაშვილი დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ ილაურის სიძეა. თავად თემურ ილაური რამდენიმე წლის წინ მკვლელობასთან დაკავშირებულ ფაქტთან დაკავშირებით გაასამართლეს.
"მაგას არანაირი პრივილეგია არ აქვს გენაცვალე, მუშაა და მუშაობს ჩვეულებრივად, რატო არ უნდა იმუშაოს, ძალადობა არ ყოფილა, მე იქ ვერანაირი ძალადობა ვერ ვნახე. არავის წიხლებს არ ურტყამდა ჩემი სიძე, აქეთ სცემეს ჩემი სიძე, აქეთ შეურაცხყოფები მიაყენა თქვენმა ტელევიზიებმა. [თუ ჩვენ მივაყენეთ შეურაცხყოფა რატომ დააკავეს თქვენი სიძე და არა ჩვენ] არავინ არი იჩივლა, არაფერი აღარ ვთქვით, გავჩუმდით და თქვენ რა გინდათ ახლა, რომ ჩემი სიძე, მამუკა შაქარაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და მაგას შვილები ჰყავს, მაგის უკან ოჯახი დგას და აღარ უნდა ჭამოს და შვილებს აღარ უნდა აჭამოს?" - ამბობს "მთავართან" ილაური.
2023 წლის 6 ივლისს, იმ დროს მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ მოსახლეობასთან საპენსიო შეღავათებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდა. "ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები ადგილზე მისულ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს, დაშავდა "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ია გულიაშვილი, თავდასხმის სამიზნე გახდა "ფორმულას" გადამღები ჯგუფიც - გიორგი კვიჟინაძე და ოპერატორი სულხან ჭკადუა. დაზიანდა ტექნიკა. არც ერთი ჟურნალისტი ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი არაა.
ავტორი: ია გულიაშვილი.