ამ მთავრობის არანაირი იმედი არ მაქვს, იქნებ სტრასბურგი დაგვეხმაროს, გაგვაგებინოს ვინ იყვნენ ჩემი ძმის მკვლელები | გივი გინტური

გამოქვეყნდა:

მეცხრე თვე თამაზ გინტურის მკვლელობიდან და პასუხგაუცემელი კითხვები - ოჯახს საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე ვერ ეუბნებიან, ვინ არიან ოკუპანტები, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი მოკლეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გინტურის ოჯახს ავტომობილი, რომელშიც კაცი მოკლეს, უკვე დაუბრუნა. მოკლულის ძმის თქმით, მანქანას სულ მცირე 36 ტყვია აქვს მოხვედრილი. გომელაურის უწყებამ "მთავარ არხს" განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. ოჯახი საქართველოს მთავრობას და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. მათ იმედი აქვთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ჭეშმარიტებას სტრასბურგის სასამართლო დაადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნ სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" დახმარებით ამზადებენ. 

"არის რუსული მთავრობა, რუსეთს პასუხს არ მოსთხოვენ და პირიქით რუსები რასაც დაავალებენ თქვენ მთავრობას აკეთებენ იმას. ჩემი ძმის საქმეზე დამთავრებულია ძიება, ყველაფერი და გავგზავნით სტრასბურგში, იქნებ სტრასბურგი დაგვეხმაროს, გაგვაგებინოს ვინ იყვნენ ჩემი ძმის მკვლელები, რაზე მოკლეს, რა უნდოდათ. წაეყვანათ როგორც სხვები გადაეხადა ჯარიმა და გამოერთვათ.

ამ მთავრობის არანაირი იმედი არ მაქვს და ერთი იმედი მაქვს სტრასბურგისა და მეორე 26 ოქტომბრისა. იცოდნენ ჩემი ძმა გმირი იყო, ომის ვეტერანი იყო, სპეცრაზმში მუშაობდა, აფხაზეთის ომში ნაომარი, ცხინვალის ომში ნაომარი და ყველამ იცოდა ვინც იყო. იქ სხვებიც იყვნენ ჩემი ძმის გვერდზე და რატომ ისინი არ დახოცეს და რატომ არ წაიყვანეს. უნდოდათ ჩემი ძმის მოკვლა და მოკლეს," - განაცხადა გივი გინტურმა, თამაზ გინტურის ძმამ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტს" საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადაეცა, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფოს იდენტიფიცირებული ჰყავს სავარაუდო პირები, რომლებმაც სოფელ კირბალში, 6 ნოემბერს, 58 წლის კაცი ჩაცხრილეს. ადვოკატის თქმით, ისინი ხელოვნურად წელავენ დროს და მისი აზრით, იდენტიფიცირებული პირების დაკავება და ინტერპოლისთვის გადაცემა აქამდეც შეიძლებოდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი