"ეფექტური ბრძოლა" კორონავირუსთან - ანტისანიტარია კოვიდცენტრებში

გამოქვეყნდა:

პაციენტსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კოვიდინფიცირების დიაგნოზით შეყვანილი თაია ცეკვავა სხვა პაციენტის  გამონაცვალ და ჭუჭყიან თეთრეულში დააწვინეს.

ქალი ყვება, რომ სისუფთავის გარდა პრობლემები ექიმების არაპროფესიონალიზმმაც შექმნა. მას წმლის იმაზე ბევრად ნაკლებ დოზას აძლევდნენ, რაც დანიშნული ჰქონდა.

თაია ცეკვავა თაკო ჩარკვიანის ოჯახის ახლობელია, ის სწორედ ე.წ. ჩარკვიანის კლასტერია და რესპუბლიკურ საავადმყოფოში პოლიტიკოსის დედასთან ერთად მკურნალობს. მთავარ არხთან საუბარში ადასტურებს, რომ  ესმოდა, როგორ უყვიროდნენ ჯანსუღ ჩარკვიანის უსინათლო მეუღლეს ექთნები.

თაკო ჩარკვიანმა დედის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის შესახებ დღეს სოციალურ ქსელშიც დაწერა. მაჟორიტარობის კანდიდატი თავადაც კოვიდინფიცირებულია და მეუღლესთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. 

რესპუბლიკურში უმძიმესი ერთი დღე გაატარა დეპუტატმა გედი ფოფხაძემაც, რომელიც მკურნალობის კურსს ახლა ბოჭორიშვილის კლინიკაში აგრძელებს.

სისხლიანი თეთრეული, დასვრილი კედლები, მწერები და მიწისპირა, ნესტიანი ოთახები, სადაც ცალკე საპირფარეშო არ არსებობს - ასეთ პირობებზე "მთავარ არხთან" სხვა ინფიცირებულებიც საუბრობენ. 

ჯანდაცვის მინისტრმა მათ პრეტენზიებს დღეს უპასუხა, რომ კლინიკა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო არ არის და პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეთ.

რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტების პრეტენზიებზე კომენტარს არ აკეთებს. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღის დროს 11 კოვიდცენტრი ფუნქციონირებდა. მათგან ყველაზე დიდი სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მოეწყო. 

უმძიმესი პირობები იყო ინფექციურ საავადმყოფოშიც. "მთავარ არხთან" რთულ მდგომარეობაზე სხვა კლინიკების პაციენტებიც ჩივიან. რაში გამოიყენა ხელისულფებამ დრო, სანამ მეორე ტალღა დაიწყებოდა,  ჯანდაცვის უწყებაში ამ კითხვას არ პასუხობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი