"თანაინვესტირების ფონდი" BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში განმარტავს რატომ გაყიდეს "მტკვარი ჰესის" პროექტი "ჰიდროენერჯიუსზე". თანაინვესტირების ფონდმა "მტკვარი ჰესის" ნასყიდობის ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა.
"როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. "მტკვარი ჰესის" პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია,"- აცხადებენ "თანაინვესტირების ფონდში".
"თანაინვესტირების ფონდი" მედიასთან ასევე განმარტავს, რომ "ჰიდროჯენიუსი" გააგრძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს. "ჰიდროენერჯიუსმა" 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა.
"2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა "მტკვარი ჰესის" პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გააგრძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს.
მტკვარი ჰესი, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია საქართველოს ჰიდროენერგიის მიმართულებით. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას",- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.
თანაინვესტირების ფონდი ამბობდა, რომ 2014 წელს პროექტი სრულად შეისყიდეს და მშენებლობა განაახლეს. პროექტი 2024 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო.
იხილეთ: