საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ჩვენებას მისცემს მოქალაქეები ლუკა კინწურაშვილი, რომელიც პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს. შსს ამტკიცებს, რომ ის პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
კინწურაშვილმა ჩვენება უკვე მისცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. შემთხვევა მუხიანის ტერიტორიაზე, 9 ივლისს მოხდა, კინწურაშვილი პოლიციელებმა გააჩერეს, როგორც ყვება, მას უხეშად ესაუბრებოდნენ, რის გამოც მან ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა, ამას სამართალდამცავების გაღიზიანება მოჰყვა. მათ მოქალაქეს ტელეფონი წაართვეს და მალევე დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განყოფილებაში მას უთხრეს, რომ თუ ვიდეოს, რომელზეც ასახული იყო პოლიციელების უხეში დამოკიდებულება და დაცინვა, წაშლიდა, მალევე გაუშვებდნენ, თუმცა აღნიშნული ტყუილი აღმოჩნდა. კინწურაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ საქმეში არანაირი ვიდეო მტკიცებულებები არ იქნება და მოსამართლე გადაწყვეტილებას მოწმე პოლიციელების ჩვენებაზე დაყრდნობით მიიღებს.
"ლუკა კინწურაშვილი თავად ეცადა მტკიცებულებების მოპოვებას, მობილურის მეშვეობით ახორციელებდა ჩაწერას, რაც გახდა კიდევ უფრო მეტად გაღიზიანების საფუძველი სამართალდამცავებისთვის და სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებაში ლუკა კინწურაშვილი, სადაც წააშლევინეს ეს ვიდეო. საგამოძიებო სამსახური გამოითხოვს იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, სადაც ინციდენტს ჰქონდა ადგილი", - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" იურისტი, მარიამ პატარიძე