საქალაქო სასამართლოში ლუკა კინწურაშვილის პროცესი დასრულდა. ის პოლიციას ძალადობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, შსს-ს კი ამტკიცებდა რომ 30 წლის მოქალაქე მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დაადგინა, რომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო რაც შეეხება სამართალდამცავების შეურაცხყოფას, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
საქმის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგრძელდება, სადაც კინწურაშვილმა ჩვენება უკვე მისცა.
შემთხვევა მუხიანის ტერიტორიაზე, 9 ივლისს მოხდა, კინწურაშვილი პოლიციელებმა გააჩერეს, როგორც ყვება, მას უხეშად ესაუბრებოდნენ, რის გამოც მან ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა, ამას სამართალდამცავების გაღიზიანება მოჰყვა. როგორც მოქალაქე ყვება, წაართვეს ტელეფონი და მალევე დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განყოფილებაში მას უთხრეს, რომ თუ ვიდეოს, რომელზეც ასახული იყო პოლიციელების უხეში დამოკიდებულება და დაცინვა, წაშლიდა, მალევე გაუშვებდნენ, თუმცა აღნიშნული ტყუილი აღმოჩნდა. კინწურაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი დღე გაატარა.