"მხოლოდ ესენი იყვნენ და იქ მომუშავე ადამიანი, რომელიც ასევე გარდაცვლილა, თვითმხილველები არ ყოფილან" | ახალი დეტალები სოფელ ლალისყურიდან

გამოქვეყნდა:

თელავში, სოფელ ლალისყურში ორი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ერთ-ერთი დაღუპული სოფლის რწმუნებულის ძმაა, ის სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა, მეორე დაჭრილი კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

პოლიცია ამ დრომდე ეძებს სავარუადო დამნაშავეს - "მთავარის" ინფორმაციით, ის თაზო წიქარაძეა. პოლიცია იცავს წიქარაძის საცხოვრებელ სახლსაც, ვინაიდან ის ერთ-ერთი მოკლულის ახლო ნათესავია და მეზობლად ცხოვრობს.

შემთხვევა სოფელში მდებარე ლუდის საწარმოსთან მოხდა, სადაც ლუდი იყიდება. ფაქტს ინციდენტში მონაწილე სამი პირის გარდა თვითმხილველი არ ჰყავს. ადგილობრივები ყვებიან, რომ დაპირისპირება, სავარაუდოდ, ყოფით ნიადაგზე დაიწყო, თავდაპირველად ერთმანეთს წიქარაძე და გაწირიძე დაუპირისპირდნენ, წიქარაძემ სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და პირველად 29 წლის არჩილ გაწირიძეს ესროლა, შემდეგ კახა ზათიაშვილს, რომელიც კონფლიქტის განეიტრალებას ცდილობდა.

"არ ვიცი ზუსტად არაფერი, არავინ არ არის მნახველი. [დაპირისპირება ხომ არ ჰქონდათ?] არა, ერთად გაზრდილები არიან, მეზობლები ვართ", - ამბობს გარდაცვლილის ძმა, ნიკა გაწირიძე 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას. 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი