დაიწყო გინება, შემაფურთხა და დამარტყა, შემდეგ 4 ადამიანი დაგვესხა თავს | ლადო მენაბდე თავდასხმის დეტალებზე

გამოქვეყნდა:

სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს მანუჩარ მჟავანაძეს თავს დაესხნენ. ლადო მენაბდეს ექიმების დახმარება დასჭირდა. ის ჯერ პოლიციას არ გამოუკითხავს.

ჟურნალისტს და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ფიზიკური, დაამტვრიეს კამერა. პოლიცია ადგილზე დაგვიანებით მივიდა, ჯერ ოფიციალურად დაწყებული არაა გამოძიება.

კადრების მიხედვით თავდამსხმელების იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი.  ლადო მენაბდე მომხდარს იმ სიუჟეტს უკავშირებს, რომელზეც დღეს დილიდან მუშაობდა სუფსაში. ის პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებოდა და ეძებდა ერთ-ერთ სამართალდამცავს, რომელსაც ადიკო ივანიშვილთან აქვს ურთიერთობა და მისი ხელშეწყობით დაინიშნა ისევ პოსტზე.

"ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით, აქ ცენტრში ვიდექი ზუსტად, მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება "მთავარი არხის" მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით, არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი რეალობაა და მივხვდით რასთანაც გვქონდა საქმე. შემდეგ გადმოვიდა, ჩვენი მისამართით დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფების მოყენება, გინება, შემდეგ ამასაც რომ არ მივაქციეთ ყურადღება, მოვიდა შემაფურთხა სახეში და დამარტყა. ერთი ადამიანი იყო. მოვკიდე ხელი, მივაბრუნე უკან მანქანისკენ, ამ დროს 4 ადამიანი დაგვესხა თავს, რომლებიც მზად იყვნენ ეტყობა მოვლენების განვითარებისთვის, მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, კამერა დაამსხვრიეს, თავის არეში მაქვს ცოტა პრობლემები, ამიტომაც გამოვიძახე სასწრაფო", - ყვება ლადო მენაბდე.  

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი