პროკურატურამ სპეცრაზმელს, რომელმაც მოქალაქეს სცემა ბრალდება წარუდგინა. უწყება ამბობს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინა.
ადვოკატი "მთავართან" ყვება, რომ დემეტრე რევაზაშვილი ცდილობდა დახმარებოდა თანასოფლელს, რევაზ მიხანაშვილს, რომელიც ნაცემია და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაკავებული მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
"არ ვიცით ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა წარდგენილი ბრალდება, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თემის მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე ინარჩუნებს დუმილის უფლებას, თუმცა მზად არის რომ აღნიშნულ საქმეზე ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მას ჩვენება მიცემული აქვს, მაგრამ კონკრეტულად ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლის შესახებაც მისთვის ცნობილია და გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდა, რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. მისი განმარტებით, იგი უბრალოდ ცდილობდა დახმარებოდა იმ პირს, რომელიც დღეს აი ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. მისი განმარტებით, გააკეთა ყველაფერი, მათ შორის პირველადი დახმარების გაწევის სახითაც, რომელიც აუცილებელი იყო მისი გადმოსახედიდან მის დასახმარებლად", - ამბობს ადვოკატი.