სასამართლომ შუქრუთის პროტესტის 3 მონაწილე 1000-1000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში მარიამ ნიკურაძე ავრცელებს და წერს, რომ ისინი მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
პროკურატურამ შუქრუთის პროტესტის 3 მონაწილეს ბრალი 31 ივლისს წარუდგინა. გამოძიება მათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის მარტიდან ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად ორგანიზებულად მოახდინეს შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი კუკოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროების პიკეტირება. ისინი მაღაროების შესასვლელების წინ იმყოფებიან და მუშა-მოსამსახურეებს მაღაროებში შესვლის და მუშაობის საშუალებას არ აძლევენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2024 წლის 21 ივლისს 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, შპს ,,მაღაროელი’’-ს კუთვნილი მაღაროების სავენტილაციო შენობის ეზოდან სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ჯაჭვით, მავთულებით და ბოქლომით ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი ჩაკეტეს, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც დღემდე გრძელდება.
აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება, - დაწერა გუშინ უწყებამ.