სასამართლოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის, დემეტრე რევაზაშვილის პროცესი მიმდინარეობს. მას ბრალად სოფელ ატენში, თანასოფლელისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება ედება. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ის დღევანდელ პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლებს.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. მისი თქმით, დაკავებული ადგილზე მაშინ მივიდა, როცა დაზარალებულმა საერთო ნაცნობს დაურეკა და დახმარება ითხოვა.
"არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი მხრიდან ჰქონდა რაიმე ტიპის ძალადობას ადგილი დაზარალებულის მიმართ, არის უკიდურესად შეწუხებული, იმიტომ, რომ იგი არ არის უცხო ადამიანი მისთვის, ნაცნობია, აკავშირებს დიდხნიანი ურთიერთობა. ჩემი ინფორმაციით და დემეტრე რევაზაშვილის განმარტებით, დახმარება მან თვითონ ითხოვა, დარეკა მან მის ერთ-ერთ მეგობართან და ითხოვა დახმარება. ჩვენი ინფორმაციით, დარეკა ბაჯაძესთან, ეს არის დაზარალებულის მეგობარი, ბავშვობის მეგობარი, [რა კავშირი აქვს სპეცრაზმელთან?] კარის მეზობელია... ერთად მივიდნენ [შემთხვევის ადგილზე] ჩემი ინფორმაციით, იგი იყო არ აუგონო მდგომარეობაში არამედ ცუდად", - ამბობს ადვოკატი.