რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება | შსს-ს და პროკურატურის პასუხი

გამოქვეყნდა:

2023 წლის 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გამოძიება, რომელმაც უნდა შეისწავლოს სტიქიის გამომწვევი მიზეზები, დამდგარი შედეგები, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხები, ერთი წლის შემდეგაც მიმდინარეობს.

რა ეტაპზეა შოვის ტრაგედიის გამოძიება - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წევრ ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად ავრცელებს. დეპუტატის კითხვაზე პასუხი პარლამენტის საიტზე 2024 წლის 16 ივლისს გამოქვეყნდა.

"იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება №059030823001 სისხლის სამართლის საქმეზე, 2023 წლის 3 აგვისტოს, ონის  მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად  ადამიანთა სიცოცხლის მოსპობისა და სამთო, სამშენებლო და სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ სისხლის საქმეზე ჩატარებულია 2 000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია 700-ზე მეტი პირი, შესაბამისი უწყებებიდან  გამოთხოვილია საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველა სათანადო  დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია 140-ზე მეტი ექსპერტიზა, რომელთა უმეტეს ნაწილზე  მიღებულია დასკვნები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მიღებულია  სტიქიის შედეგად გარდაცვლილ 10 პირზე. ამასთან, სტიქიასთან დაკავშირებული  გარემოებების დასადგენად, კურორტ შოვის ტერიტორიაზე კომპანიების მიერ  შესრულებული სამუშაოების თაობაზე, სსიპ - „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში დანიშნულია ეკოლოგიური და საინჟინრო-ტექნიკური  ექსპერტიზა.

დამატებით, გაცნობებთ, რომ გამოძიება სწავლობს სტიქიის გამომწვევ მიზეზებს, დამდგარ შედეგებს, სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, სამძებრო-სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებულ, ასევე, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სტიქიის ზონაში არსებული ინფრასტრუქტურის კანონიერებასა და სხვა მნიშვნელოვან  საკითხებს.

ამჟამად, №059030823001 სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება  მიღებული არ არის და მიმდინარეობს გამოძიება." - ნათქვამია შსს-ს პასუხში.

დეპუტატის შეკითხვას უპასუხა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამაც. უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არაა.

"საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა კონკრეტული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, შესაბამისად დევნა დაწყებული არ არის.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, უშუალოდ გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების შესაძლო  ჩართვასთან დაკავშირებით, გაცნობეთ, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზები დანიშნულია სსიპ „ლევან  სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ში, რომლის მხრიდან გამოძიების  წინაშე არ დასმულა საკითხი ექსპერტიზის პროცესში ადგილობრივი ან საერთაშორისო სპეციალისტების, თუ ექსპერტების ჩართვის თაობაზე. ექსპერტიზის ბიუროს მიერ მსგავსი საკითხის დაყენების შემთხვევაში, ჩვენს მიერ განხილული იქნება ხსენებული საკითხი," - ნათქვამია 19 ივლისს გამოქვეყნებულ  პასუხში.

შოვში, მდინარე ბუბასწყლის ხეობაში მეწყრული პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარდა, სტიქიას მასშტაბური ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, ამასთან განადგურდა კურორტ შოვის 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლები და ობიექტები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი