თბილისში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, Azel.tv-ის მთავარ რედაქტორს, აფგან სადიგოვს, 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტი, მისი ოჯახი, ასევე სხვა წაყროები ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
ადვოკატ, დიმიტრი ნოზაძის თქმით, ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავება შურისძიება და მისი გაჩუმების მცდელობაა, რადგან აზერბაიჯანის ხელსუფლების მიმართ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებს. მისივე თქმით, ექსტრადაციის შემთხვევაში მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.
"თვითონაც აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ არა მარტო მისით, არამედ მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით და ეს რისკები, რა თქმა უნდა, არის, რომ ექსტრადაციის შემთხვევაში შეიძლება დაექვემდებაროს, მისი განცხადებით, წამებას ან შეიძლება მისი ლიკვიდაციაც მოხდეს", - ამბობს ადვოკატი.
ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა. მისივე თქმით, საქართველოში იმის გამო ცხოვრობდნენ, რომ აზერბაიჯანში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი თბილისშიც არ არიან უსაფრთხოდ.
"ჩემი მეუღლე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა 15-მა პირმა ძალის გამოყენებით აიყვანა. აზერბაიჯანიდან სწორედ იმიტომ წამოვედით, რომ იქ გვემუქრებოდნენ და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ახლა უკვე აქ გვეშინია. აზერბაიჯანის მხარეს უნდა რომ აფგანი დააპატიმროს და შემდეგ მოკლას. როგორ შეიძლება არასამუშაო დღეს სასამართლო პროცესის ჩატარება?! ის როგორც დამნაშავე, ხელბორკილებით მიიყვანეს. ეს არის აზერბაიჯანის პრეზიდენტის ალიევის შეკვეთა და მას ქართული მხარე ასრულებს. აფგანი არ არის დამნაშავე. აზერბაიჯანში 2-ჯერ პოლიტიკური მოტივით იყო დაკავებული. ის ელექტროშოკით აწამეს", - ყვება მისი ცოლი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი ამბობს, რომ აფგანის მაგალითის შემდეგ საქართველოში აღარავინ გაჩერდება, რადგან საქართველოში ყოფნა უსაფრთხო არაა. მისივე თქმით, აფგანი ორჯერ იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და თუ ის ბაქოში დაბრუნდა, აუცილებლად დაიჭერენ.
"ივანიშვილის რეჟიმი და აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთობლივად მოქმედებენ და ამჯერადაც, ალიევმა გასცა ბრძანება ქართულმა მხარემ კი შეასრულა, ისე, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა", - თქვა მან.
ავტორი: დავით კობიძე.